2025 წლის 6-7 მაისს, ბაზელში (შვეიცარია) გაიმართა დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS) მაღალი დონის შეხვედრები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა.
ღონისძიება ორ ეტაპად ჩატარდა: პირველი დღე დაეთმო იმპლემენტაციისა და შეფასების კომიტეტის (IAC) სხდომას, ხოლო მეორე დღეს გაიმართა ამავე კომიტეტისა და პოლიტიკის განვითარების კომიტეტის (PCD) ერთობლივი სამუშაო სესია.
შეხვედრებზე განიხილეს საერთაშორისო ზედამხედველო სტანდარტების ეფექტიანი დანერგვა, ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესება, გადახდისუნარიანობაზე დაფუძნებული მიდგომები და რეგულატორული გარემოს გაძლიერების გლობალური გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წევრი ქვეყნების ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების საკითხს.
IAIS-ის იმპლემენტაციისა და შეფასების კომიტეტი ითვლება ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად ორგანიზაციის მიზნების განხორციელებაში — მდგრადი და გამჭვირვალე სადაზღვევო სექტორის განვითარებისთვის.
ბაზელში ვიზიტის ფარგლებში დავით ონოფრიშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა სლოვენიის, ხორვატიისა და ესპანეთის დაზღვევის ზედამხედველობის მაღალი თანამდებობის პირებთან. მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გზები და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები.
წყაროები
- https://insurance.gov.ge/Statistics.aspx/News/davit_onofrishvilma_dazghvevis_zedamkhedvelta_saertashoriso_asotsiatsiis_implementatsiis_da_shefasebis_komitetis_shekhvedrashi_miigho_monatsileoba